წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით

08/10/2017

​„წლევანდელი წელი ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებული აქტივობით, სუამ-ის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრების შეხვედრა კიევში. მთავრობის ხელმძღვანელებმა მისცეს ახალი ბიძგი და იმპულსი სუამ-ის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებების კიდევ უფრო გააქტიურებას“ – მიხეილ ჯანელიძემ სუამ-ის საიუბილეო შეხვედრის დასრულების შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ სუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით ორგანიზაციის ფარგლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი ასევე სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით.

„სატრანსპორტო კორიდორს შეუძლია მხოლოდ სიკეთის, სტაბილურობის და განვითარების მოტანა მთლიანად რეგიონისთვის. ამ თანამშრომლობისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიწვევთ როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ყველა დაინტერესებულ მხარეს“ – განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავისუფალ სავაჭრო ზონასთან დაკავშირებით შესაბამის საიმპლემენტაციო შეთანხმებების გაფორმებაზე მუშაობა და წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება პროცესის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0