ჯომარდობამ ხარაგაულში სტარტი აიღო

24/03/2017

დღეს სპორტის ექსტრემალურ სახეობაში მდინარე ჩხერიმელაზე პირველი დაშვება განხორციელდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორის ბერიკა თურმანიძისა და გამგებლის თანაშემწის გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით ჯომარდობაში 28 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ჯგუფები გენდერულად იყო დაბალანსებული და სპორტის ექსტრემალურ სახეობაში 10 ქალბატონი იღებდა მონაწილეობას.
ჯომარდობამ სტარტი ე.წ. „დევების“ მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო, სვლა 3 ნავით განხორციელდა და თითოეულ მათგანში თითო გამოცდილი ინსტრუქტორი იყო განთავსებული.
დაშვებას ჩხერიმელაზე ჯომარდობის ფედერაციიდან სპეციალური ჯგუფი აკონტროლებდა.
გაზაფხულის ამ დროს, მდინარე ჩხერიმელა საკმაოდ წყალუხვია, ამიტომ სვლა 5 კილომეტრიან მონაკვეთზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ფირნიშამდე ყველა მონაწილე მშვიდობით მივიდა.
ჯომარდობას ჩხერიმელაზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკო თოფურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალყურს.
ბოლოს, ესქტრემალური სპორტის მონაწილეებმა ემოციები ერთმანეთს ცხელი ჩაის და ყავის ფონზე გაუზიარეს.
როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, ჩხერიმელას ხარაგაულში ჯომარდობის განსავითარებლად კარგი რესურსი აქვს და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0