​პრეზიდენტი ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

11/10/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორისაა: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები და ევროპული უსაფრთხოების მომავალი.
კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდება, რომელიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისათვის ეწვია.
გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0