144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ

23/03/2017

დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებიც ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინების მფლობელები გახდებიან.
ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი სულ 5237-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც 144 დევნილი ოჯახი შეირჩა.
ამ ეტაპზე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი იხურება და იქ მცხოვრები ოჯახები ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ დევნილებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ბინები ვერ მიიღეს.
სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოში დევნილების მიღების პროცესი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაინტერესებული დევნილის შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. პროცესი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0