2 ოქტომბერს რაჭაში სახალხო დღესასწაული ,,ფუძეობა 2016“ გაიმართება

30/09/2016

2016 წლის 2 ოქტომბერს რაჭაში სახალხო დღესასწაული ,,ფუძეობა 2016“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები ქალაქ ამბროლაურში 13:00 საათიდან დაიწყება.
,,ფუძეობა“ პირველად 1988 წელს აღინიშნა და 2015 წელს, რაჭა–ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ტრადიცია კვლავ აღდგა, რის შემდეგაც ყოველწლიური სახალხო დღესასწაულის სახე მიეცა.
ღონისძიების ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა აქტივობა: სპორტული თამაშები, თეატრალური დადგმები, ქუჩის მხატვრობა, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, ღია ცის ქვეშ ქ.ამბროლაურის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართება, სადაც გადაადგილება მხოლოდ ფეხითმოსიარულეთათვის იქნება დაშვებული.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით რაჭაში გიგანტური ლობიანი გამოცხვება.
გალა კონცერტში ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო ,,ფუძეობა 2016“-ის დასკვნით ნაწილში სცენა ,,ქართულ ნაციონალურ ბალეტს -სუხიშვილებს“ დაეთმობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0