Art-გენი 2017 სტარტს 10 ივლისიდან აიღებს

05/07/2017

ფესტივალი „Art-გენი 2017“ 10 ივლისს სურამში ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნება. რეგიონული ტურნე 12 ივლისს მცხეთაში, მცხეთის ახალ ნავსადგურში გაგრძელდება, რომლის პრეზენტაციაც Art-გენზე შედგება.
Art-გენის თბილისის ტურს 17-24 ივლისს ტრდაციულად ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.
17 ივლისს თბილისის ტურს გახსნის Sophie Villy . 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ“ -თან ერთად ; 20 ივლისს _ ჯგუფი „რეგიონი“; 21 ივლისს _ ჯგუფი „ფრანი“ . 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს“ დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა“ -ს. „ Art-გენი 2017“ 24 ივლისს “სუხიშვილების” კონცერტით დაიხურება.
ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.
ფესტივალი კომპანიების: „ფარმადეპოს“ „აისის“ და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით იმართება. Art-გენის მხარდამჭერები არიან ასევე კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და Chack in Georgia
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.
წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს .
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული, თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0