ბორჯომის და წაღვერის საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია უტარდება

ბორჯომში, ორ საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სარემონტო სამუშაოები ერთდროულად ხორციელდება ქალაქ ბორჯომის №1 და დაბა წაღვერის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. „შენობებში სრულად შეიცვლება ძველი კარ-ფანჯარა, შეიღებება კედლები და ჭერი, მოეწყობა ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდება სველი წერტილები, ელ-გაყვანილობა, შეიღებება შენობების გარე-ფასადი, განხორციელდება ასევე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. დაბა წაღვერის საბავშვო ბაღში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა“- აღნიშნა გამგებელმა. შენობების რეაბილიტაციის შემდეგ, ოთახები ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ბორჯომის №3 და №4 საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობისათვის. ოთხივე პროექტისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გაიხარჯება. გასული 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს, 1 ახალი საბავშვო ბაღი კი სოფელ ვარდგინეთში გაიხსნა.

Visited 175 times, 1 visit(s) today