გადახდისუუნარობის რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს

05/04/2017

იუსტიციის სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად გადახდისუუნარობის რეფორმაზე მუშაობს. ჯგუფი, რომელშიც ასევე შედიან დარგის ავტორიტეტული სპეციალისტები, გადახდისუუნარობის შესახებ სრულიად ახალ კანონპროექტს ამუშავებს.
კანონპროექტის ახალი ვერსია ძირეულად ცვლის დღეს არსებულ სისტემას. კანონი გაითვალისწინებს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოს, დროულად დაიწყოს გადახდისუუნარობის პროცესი და, შესაბამისად, ჰქონდეს გადარჩენის უკეთესი შესაძლებლობები.
პროექტის შექმნის პროცესში არის მცდელობა, რომ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართულნი იყვნენ კრედიტორები. გაძლიერდება კრედიტორების როლი და ფუნქცია გადახდისუუნარობის პროცესში, მეტად იქნება დაცული მათი უფლებები.
ასევე გამოიკვეთა სასამართლოს როლის გაძლიერების საჭიროება, რომელიც იქნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მთავარი გარანტორი.
რეფორმის მიზანია, გადახდისუუნარობის სისტემა გახდეს მოქნილი, ხელმისაწვდომი და მის მიმართ გაიზარდოს სანდოობაც და ცნობადობაც.
კანონპროექტზე მუშაობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0