გვჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენს მიზნებს მივაღწევთ

„გვწამს, რომ სწორ გზას ვადგავართ და მუდმივი პროგრესისა და განვითარებისაკენ მივისწრაფვით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე “მსოფლიო თავდაყირა-2018“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილი სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახსა და ამერიკელ ერს თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

„სენატორი მაკკეინი საქართველოს ერთგული მეგობარი გახლდათ. იგი წარმატებული პოლიტიკოსი და ძლიერი პიროვნება იყო. იგი იყო ის მაგალითი, რომელიც გვასწავლიდა, რომ ადამიანს ძალუძს მოახდინოს პოლიტიკური აქტივობების კომბინირება ძლიერ მორალურ პრინციპებთან. ჩვენ პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინს მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში და ასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების, ასევე, საერთაშორისო კავშირების განვითარებას ახდენს.

„ჩვენ ვახდენთ ჩვენი დემოკრატიული და ეკონომიკური სისტემების განვითარებას, ჩვენ ასევე ვახდენთ ჩვენი საერთაშორისო კავშირების განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციას საერთაშორისო დონეზე და მე მწამს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. მიუხედავად იმ რთული სიტუაციისა რეგიონში და ასევე გლობალურ დონეზე, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, რომელიც გახლავთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ასპექტი თავისუფალი ქვეყნის განვითარებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია სენატორ ჯონ მაკკეინის წვლილი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

„მე მსურს, კიდევ ერთხელ ვისაუბრო სენატორ მაკკეინზე და გავიხსენო ის, რომ იგი ილაშქრებდა იმ წამების წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ციხეებში 2012 წლამდე. მისი წვლილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მისმა სპეციალურმა განცხადებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ მხრივ. სასამართლო სისტემა ეს არის ის ერთ-ერთი საკითხი, სადაც ყველაზე მეტი კრიტიკა გვესმის ოპოზიციისა და სხვადასხვა პირების მხრიდან, თუმცა სასამართლო სისტემაშიც მივაღწიეთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც დასტურდება იმ სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა პრაქტიკული სააგენტოებისგან. მედიის მხრივ, ჩვენ ასევე მივაღწიეთ პროგრესს. თქვენ გახსოვთ თუ რა სიტუაცია იყო ამ მხრივ 2012 წლამდე. თავისუფალი მედია არხები სრულიად დაქვემდებარებული იყო წინა ხელისუფლებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, სწრაფი ეკონომიკური განვითარების გარეშე, ქვეყანა მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.

„ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. ეკონომიკა ერის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. თუ გაქვს სუსტი ეკონომიკა, შენ იქნები მოწყვლადი საერთაშორისო და საშინაო დონეზე. ახლა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 4500 დოლარია, ჩვენ ამ წელს 4800 დოლარით დავასრულებთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, თუ შევადარებთ მას ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ის მასზე ორჯერ დაბალია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ეკონომიკური განვითარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გარშემო დიდი სახელმწიფოები ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიან. ასეთ სიტუაციაში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეკონომიკურ მხარდაჭერის უზრუნველყოფა. სწრაფი ეკონომიკური განვითარების გარეშე ჩვენ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით.

რა თქმა უნდა, გვაქვს ეკონომიკური განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა, თუმცა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩვენთვის რთული იქნება ამ ამბიციური მაჩვენებლების მიღწევა. ჩვენ გვჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ჩვენს მიზნებს მივაღწევთ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 85 times, 1 visit(s) today