გიორგი აბაშიშვილი ,,ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

16/06/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ საანგარიშო შეხვედრას დაესწრო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პროექტის შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის მიზანი, რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლება, საზოგადოების ინფორმაციაზე და სახელმწიფო ონლაინსერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაა.
როგორც შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში განახლდა, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღიჭურვა 151 სოფლის ბიბლიოთეკა, სპეციალიზებული ტრენინგების საშუალებით გადამზადდა 12 500-ე მეტი ბიბლიოთეკარი, რომლებიც აცნობენ სოფლის მოსახლეობას მათ ხელთ არსებულ საბიბლიოთეკო მომსახურებას, ეხმარებიან მათ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და სახელმწიფო ონლაინსერვისებით სარგებლობაში. 2017 წლის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, 55 პროცენტით გაიზარდა ყოველთვიური ვიზიტების რაოდენობა ბიბლიოთეკებში და პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული მომსახურება მიიღო 13 ათასამდე მომხმარებელმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში განახლებული ბიბლიოთეკებით სარგებლობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც საჭირო სერვისის მისაღებად კვეთს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს.
გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მხრიდან სოფლის ბიბლიოთეკების განვითარებისათვის პროექტის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და თავის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს პროექტში ჩართვისაკენ მოუწოდა.
პროექტში ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც საბიბლიოთეკო ასოციაციასთან ერთად იყენებს საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკების ქსელს, რათა სოფლის მოსახლეობა ეზიაროს თანამედროვე შესაძლებლობებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო ბიბლიოთეკის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის თავმჯდომარე რუსუდან ასათიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების „აირექსის“ Beyond Access წარმომადგენლები და ბიბლიოთეკარები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0