გიორგი მარგველაშვილმა ლისაბონის “შამპალიმოს ფონდი” დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლისაბონის “შამპალიმოს ფონდი” დაათვალიერა, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მომუშავე კერძო სამეცნიერო ორგანიზაციაა.
ფონდი პორტუგალიელი მეწარმისა და ქველმოქმედის ანტონიო შამპალიმოს ინიციატივით შეიქმნა.
გიორგი მარგველაშვილს სამეცნიერო ცენტრში ფონდის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ორგანიზაციის მისია მოწინავე ბიო-სამედიცინო კვლევების პროგრამების განვითარება და ნოვატორული სამეცნიერო აღმოჩენების გამოყენებაზე ფოკუსირებული, მაღალკვალიფიციური კლინიკური დახმარების უზრუნველყოფაა.
ფონდი დაავადებათა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების სფეროში მსოფლიოში ერთერთი ლიდერია.
2010 წელს ფონდმა ქ. ლისაბონში, ბიო-სამედიცინო კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის, მაღალტექნოლოგიური კლინიკური კვლევის ინსტიტუტი „უცნობის შესწავლის ცენტრი“ გახსნა, რომელიც შესაბამისი პაციენტების აუცილებელ დახმარებას, სპეციალისტებთან კონსულტაციასა და ანალიზების გაკეთებას უზრუნველყოფს.

Visited 160 times, 1 visit(s) today