გურიის გუბერნიაში eHRMS-ის ტრენინგი ჩატარდა

გურიის გუბერნიაში eHRMS-ის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ტრენერი მაგდა მიქაბერიძე გაუძღვა.
სემინარს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე შეურთდა, მონაწილეებს მიესალმა და თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
eHRMS-ის ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას წარმოადგენს.
სისტემის მიზანი ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფაა, რომელიც წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ფორმირების პროცესში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკა იქნა გათვალისწინებული და სისტემა თვითმმართველობებში მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაინერგება.
„ საქართველოს მთავრობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ელექტრონული მმართველობის დანერგვა წარმოადგენს. ელექტრონული მმართველობის ფარგლებში, რეგიონებში ვატარებთ შემეცნებით სემინარებს, სადაც გურია მეორე პროგრამაში ჩაერთვება. პროგრამის მთავარი მიზანი არის მატერიალური საკადრო საკითხების ელექტრონულ ერთიან სივრცეში ასახვა. გურია პირველი რეგიონია, რომელმაც ერთიან ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები აქტიურად ჩართო. აღსანიშნავია ისიც რომ აღნიშნული პროგრამებით სარგებლობამ გამოიწვია საჯარო სამსახურებში ხარჯების მკვეთრად შემცირება, დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვა,“- აღნიშნა მაგდა მიქაბერიძემ.
ტრენინგს გუბერნიისა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები დაესწრნენ.

Visited 244 times, 1 visit(s) today