საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 38-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა. მხარეებმა შეაფასეს 37-ე რაუნდის შედეგები და ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველ საკითხებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესზე. საქართველოს წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია აფხაზეთის რეგიონში ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე, რაც მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევად შეფასდა.