პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰმან კაანი ხელმძღვანელობს. აღნიშნულმა ასოციაციამ თბილისში ოფისი დააფუძნა, რომელიც ოფიციალურად 22 აპრილს გაიხსნა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობა საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე, რომელიც ყოველწლიურად ზრდის დინამიკით გამოირჩევა. მისი თქმით, აღნიშნულზე ასევე პოზიტიურად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანა და აგრეთვე საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის ამოქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი საწარმოების შექმნას, რაც თავის მხრივ, გარკვეულწილად, ქართული ექსპორტის დივერსიფიკაციასაც უზრუნველყოფს.