ევროკავშირის ელჩმა პრემიერს ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, – ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. როგორც ელჩმა პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხმა ევროპარლამენტის დეპუტატთა 86%-ის მხარდაჭერა მიიღო. გიორგი კვირიკაშვილმა იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის „რთულ და ხანგრძლივ პროცესში“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, ევროპარლამენტში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ შევხვდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მას შემდეგ, რაც მივულოცე პრემიერ-მინისტრს, მინდა ყველა თქვენგანს, საქართველოს მოსახლეობას მიღწეული შედეგი მოგილოცოთ. ეს შესანიშნავი შედეგია. ეს მიღწევა თქვენი და საქართველოს მიერ წლების მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ – ჩემი გამოთვლებით, 86%-მა, ყველა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას დაუჭირა მხარი. ეს აჩვენებს იმ პატივისცემას, რომლითაც ევროპარლამენტია გამსჭვალული საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტის მიმართ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა, საუბრისას, ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

Visited 114 times, 1 visit(s) today