ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ქმნის

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი პოლიტიკური პარტიის – „სამართლიანობისთვის“ – შექმნა დააანონსა, რომელსაც თანამოაზრეებთან, გედევან ფოფხაძესა და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად გეგმავს.

„სამართლიანობა თავის დროზე იყო ის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომლითაც და რომლის გამო პირადად მე და არაერთმა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება თავის დროზე პროფესიიდან პოლიტიკაში წასვლის. ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩვენ შეგვაძლებინა ძალიან ბევრ თანამოაზრესთან ერთად გაგვევლო ურთულესი 2004-2012 წლები, გაგვევლო ღირსეულად, რომლის დროსაც იყო ძალიან ბევრი განსაცდელი, ბევრი სირთულე, მაგრამ იყო ის მთავარი იდეა, რომელმაც მოიტანა 2012 წლის 1 ოქტომბერი. და ის იდეა, რომელიც იყო გამაერთიანებელი, არის დღესაც დასაცავი, დღესაც მისაღწევი და ბოლომდე მისაყვანი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა დაასახელა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრიადაზე, რომლითაც უნდა იყოს აგებული სახელმწიფო: „ეს არის სიმართლე, როდესაც ფაქტები უცდომლად ისე, როგორც ის არის, შეფასდება და ამ მოცემულობას იღებ როგორც არის; სამართალი, რომლითაც უნდა გადაწყვიტო ყველა პრობლემა, ყველა საკითხი, ყველა მიმართულება და სამართლიანობა, როგორც მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიო. ეს არის სწორედ ის მთავარი კონცეფცია, რომელზეც უნდა იდგეს ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა, იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი საგარეო კურსი ქვეყნის არჩეული, მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად. ჩვენთვის ძალიან ღირებულია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ეფუძნებოდეს ეროვნულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მის პატივისცემას და მის დაცვას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ახალი პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი ყრილობა 20 ივნისს გაიმართება და პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადებას დაიწყებს.

Visited 73 times, 1 visit(s) today