ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებში დღეიდან ამოქმედდა

„ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სტაციონარულ დაწესებულებში დღეიდან ამოქმედდა და 15 აპრილამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის სავალდებულო ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება“. – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პაციენტების სამედიცინო ისტორია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი პლატფორმის საშუალებით განთავსდება და სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პორტალზე შეინახება.
• სისტემა საშუალებას აძლევს როგორც ექიმს, ასევე პაციენტს, ნებისმიერ დროსა და ადგილას ჰქონდეს წვდომა სამედიცინო ისტორიაზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პაციენტის ანამნეზის, გადატანილი დაავადებების, ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების, ქრონიკული დაავადებების არსებობის, მედიკამენტების მოხმარების შესახებ.
• აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი შემთხვევების ეფექტიანად მართვის მიზნით პაციენტის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მისაღებად.
• ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა მნიშვნელოვნად ზოგავს როგორც სამედიცინო დაწესებულებების, ასევე პაციენტების რესურსებს, რამდენადაც პერსონალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება კლინიკაში მიმართვის გარეშე იქნება შესაძლებელი.
• ელექტრონული ჩანაწერები ამცირებს პაციენტის სამედიცინო ისტორიის დაკარგვის, ანამნეზის არასრულყოფილად შეკრებისა და სხვა მსგავს რისკებს.
• პორტალზე განთავსებული პერსონალური ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და მასზე წვდომა პაციენტის სურვილისამებრ განხორციელდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემა მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში წარმატებით მოქმედებს, ხოლო საქართველო რეგიონში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით. მკურნალობის ხარისხიანი და ეფექტიანი წარმართვისთვის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის დანერგვის რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს.
შეხვედრას თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 150 times, 1 visit(s) today