ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

20/04/2017

იმერეთის რეგიონში, ხონის რაიონში გოგიტა ავალიანმა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, გოგიტა ავალიანის ბაღი მოინახულეს. გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 6 300 ლარი ნერგების შეძენისთვის, ხოლო 3 919.2 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი. „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 164 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა 730 039 ლარი. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 267 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 15 923 234 მილიონ ლარს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0