იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გულდასმით მოეკიდება პრეზიდენტის მოსაზრებებს

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს მოსაზრებებს და გაითვალისწინებს მას, – ამის შესახებ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს მართლმსაჯულების მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები მოიცავს 6 პუნქტს და აქედან ორი არის ძირითადი არგუმენტი.

”ერთი მხრივ, ჩვენ არ გვინდა სასამართლო ხელისუფლებაში მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია თავმჯდომარეების ხელში. ამ კანონპროექტით ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს როგორც სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, ასევე მთლიანად სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრი. ანუ ერთი და იგივე პირს შეიძლება ეკავოს 3 თანამდებობა. ჩვენ გვინდა გამოვრიცხოთ ეს სცენარი და ამ მხრივ წარვადგინეთ შენიშვნები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა ეს არის 3- წლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება, რომლის მიზანია ასევე მთლიანად გათავისუფლდეს სასამართლო შესაძლო ზემოქმედებისგან”, -განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნების უმეტესობა ეყრდნობა ვენეციის კომისიის პოზიციას, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე ტალღის კანონპროექტის სხვადასხვა ვერსიებს.

”ის რაც ჩვენ წარვადგინეთ არანაირად არ არის მოულოდნელი და სიურპრიზი ვინმესთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გულდასმით მოეკიდება საქართველოს პარლამენტი ჩვენს მოსაზრებებს და გაითვალისწინებს მას.
მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტში არის დადებითი ელემენტებიც. მაგალითად, ის, რომ ( მართალია ერთი წლის შემდეგ) დაიწყება საქმების ელექტრონულად გადანაწილება, თავმჯდომარეების ჩარევის გარეშე, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, თუ ვახორციელებთ რეფორმას, მოდით, ის განვახორციელოთ უმაღლეს დონეზე. ამიტომ ვთავაზობთ ამ ცვლილებებს”, -განაცხადა დოლიძემ.

Visited 113 times, 1 visit(s) today