ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით ფონდი „ქართუ“ ოფიციალურ განმარტებას გააკეთებს

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დეტალების თაობაზე განმარტებას გააკეთებს თავად ფონდი „ქართუ“. ჯობია დაველოდოთ მათ ოფიციალურ განმარტებას ამის თაობაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების თაობაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებული ინიციატივის განხორციელებაში ფონდ „ქართუს“ მონაწილეობის თაობაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობის რამდენიმეთვიანი მუშაობისა და ბანკებთან და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად 600 ათასზე მეტი ადამიანი ახალ წელს შეხვდება ვალის გარეშე.

„აქ საუბარია ბანკების და არასაბანკო დაწესებულებების სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მათ მინდა მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ჩამოაყალიბა ძალიან საინტერესო სქემა ამ პრობლემის გადაჭრისათვის. ამას სჭირდებოდა მუშაობა. ამას დაეთმო რამდენიმე და რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი არის ის, რომ 600 ათასზე მეტი ადამიანი ახალ წელს შეხვდება ვალის გარეშე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რადგან ადამიანებს ახსოვთ ის, რასაც გამოხატავდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალა ცხრა წლის განმავლობაში.

Visited 90 times, 1 visit(s) today