ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.
თინათინ ხიდაშელმა ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ თავდაცვის მინისტრებთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.
რაიმონდ ბერგმანისმა, იოზას ოლეკასმა და ანე ჰანსომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბალტიისპირელ კოლეგებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
„ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საქართველოს მოთხოვნების, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ხმით, ოთხივე ერთად, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ერთი ხმით წარვდგებით ვარშავის სამიტზე, ერთი ტიპის ამოცანა გვექნება, რომ ამ სამიტიდან საქართველო გამოვიდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

Visited 190 times, 1 visit(s) today