იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 2017-2021 წლებისთვის მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა.
შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა. მისი განცხადებით, პარლამენტში, ამ ფორმატში პირველად ხდება მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.
„პარლამენტში ამ ფორმატში სტრატეგიის ვერსიის პრეზენტაცია და განხილვა ჩვენი მხრიდან არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ როლს ანიჭებს მართლმსაჯულების სიძლიერეს, მის დამოუკიდებლობას და ინსტიტუციურ ძალიან მყარ გარანტიებს. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ძალიან მყარი საკანონმდებლო ბაზისის შესაქმნელად იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი სამართლებრივი გარანტიით, ჰქონდეს სრული დამოუკიდებლობა და ყველა წინაპირობა, რომ მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს შეუფერხებლად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის.
მივესალმებით სასამართლო ხელისუფლების მზაობას, რომ ახალ ეტაპზე გადადის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური ხედვა. ჩვენ ვემზადებით ამ პროცესზე დაკვირვებისთვის, რომ იმ აუცილებელი ცვლილებების შემდეგი ეტაპი, რომელიც კიდევ უფრო მყარ გარანტიებს მისცემს სასამართლოს და მოსამართლეებს მათი ინსტიტუციური სიძლიერის, დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისთვის, დავიწყოთ ერთად“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მიმართეს.
თამარ ჩუგოშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის საკითხებს.
„ბევრი ჩვენგანი, უკვე წლებია ცდილობს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში იყოს ბევრად უფრო ეფექტური, დამოუკიდებელი, ძლიერი და მოწოდების სიმაღლეზე, რის გარეშეც ქვეყანა წინ ვერ წავა და ამიტომ, ყველა ვაცნობიერებთ სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას.
მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი თავად სასამართლო ხელისუფლების მიერ არის მომზადებული. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხედავს თვითონ სასამართლო სისტემა მისივე განვითარების ეტაპებს და შემდგომ ფაზებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ: „პარლამენტს აქვს გარკვეული რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, პირველ რიგში, იმის გააზრებაში და დანახვაში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რეფორმა და შემდგომ კი უკვე სასამართლო სისტემის ხელშეწყობაში, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს სასამართლო სისტემის განვითარება“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმების გზით ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა გაძლიერებისათვის. მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგით სასამართლო რეფორმის გატარებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განისაზღვრა.
„ასოცირების დღის წესრიგის თანახმად, სტრატეგიაში მთავარ პრიორიტეტებს შორის გამოიკვეთა: მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნისა და გადამზადების პოლიტიკის გაუმჯობესება; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმის გაზრდა; სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმდეო გეგმის შემუშავება 2016 წლის თებერვალში დაიწყო, რაშიც დონორი ორგანიზაციები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის სტრატეგიის შემუშავების მიზნით შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც სისტემაში მომუშავე პირებისგან, ისე დაკავშირებული მხარეებისგან. მათ შორის არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომიტეტი დაიყო ოთხ ჯგუფად, 4 სტრატეგიული მიმართულების გარშემო:
სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
ანგარიშვალდებულება
ხარისხი და ეფექტიანობა
ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალობა და სანდოობა
მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის თანახმად, სასამართლო სისტემის მისიად განისაზღვრა:
განმარტოს კანონი და გადაწყვიტოს სასამართლო დავები სამართლიანად, კანონის შესაბამისად, განჭვრადობის უზრუნველყოფითა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანით; ყველასათვის უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას;
განახორციელოს თანაბარად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება საჯარო პროცესის მეშვეობით; მოეპყრას მხარეებს ღირსებითა და პატივისცემით;
იზრუნოს ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთო კეთილდღეობისათვის, ემსახუროს ხალხს, მის მუდმივადცვლად ინტერესებსა და საჭიროებებს;
ხელი შუწყოს საზოგადოებაში სტაბილურობასა და ჰარმონიას, არსებული სამართლებრივი სისტემის სამართლიანობისადმი ხალხის ნდობის შენარჩუნებას.
შეხვედრის მონაწილეებს სტრატეგიულ მიმართულებებზე, გამოწვევებზე და ამოცანებზე დეტალურად ესაუბრნენ მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: ევა გოცირიძე, თამარ ალანია და კახა სოფრომაძე. პრეზენტაციის შემდეგ მათ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სტრატეგიული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო ორგანოებთან ერთად წარმოდგენილია 36 არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობისთვის“.
მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ (GIZ), ევროკავშირის „სასამართლო მხარდაჭერის პროექტის“ და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG, USAID), ასევე ევროპის საბჭოს ჩართულობით.
აღნიშნული დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის განვითარებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია და განხილვა გაიმართა
05/04/2017