კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია იწყება

03/07/2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანია იწყება, რომლის გახსნასაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან – ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დაესწრო.
საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. მისი მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა პანკისის ხეობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, ხაზი გაუსვა ხეობაში ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას. ისაუბრა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე.

საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი – ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – თამილა ბარკალაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი – იოსებ ქარუმაშვილი და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროექტის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო რწუნებული – გუბერნატორი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები სოფელ დუისში მწერლის – გიგი ხორნაულის შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0