საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას , „ქართული ოცნების“ ახალ სახეებში ყველაზე მეტად ასაკობრივი ჯგუფი მოსწონს, ვინაიდან ისინი „არც ახალგაზრდები არიან და არც ძველგაზრდები“. ასე აფასებს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ 15 პირს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წარადგინა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი შემადგენლობის რამდენიმე მიზეზის გამო. მათ შორის ერთი მიზეზი არის ასაკობრივი ჯგუფი, რადგან ისინი არც ძალიან ახალგაზრდები არიან და არც ძალიან ძველგაზრდები. ძალიან მომწონს, რომ მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ. მათ შორის იურიდიული, ფინანსური და არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ეს ჩვენ და მათ გამოგვადგება. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ისინი ისეთი ხალხი არიან, როგორიც მაგალითად, ჩვენი მეგობრები და რაც მთავარია, აზროვნებენ თანამედროვე და დასავლური ორიენტირებით“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კითხვაზე, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას“ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ ის პარტიის წევრი არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან მაღალი შანსები აქვს.