განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს. ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა. კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობის აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის ფინანსურ მხარდაჭერას.
„სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-დან 70%-მდე იზრდება, მწვრთნელების და ექიმების 35%-დან 50%-მდე, რაც ნიშნავს, რომ 36 ფედერაცია, 400-მდე მწვრთნელი, 600-ზე მეტი სპორტსმენი და 80 ექიმი ჯამში 1073 ბენეფიციარი ისარგებლებს საანგარიშო პერიოდში მოცემული ხელშეწყობით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის დარგზე საუბრისას, თეა წულუკიანმა დაგეგმილ კულტურულ ფესტივალებსა და გამოფენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდება ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, გაგრძელდება ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ლაბორატორიის მხარდაჭერა. 2024 წელს დასრულდება ანსამბლ „ერისიონის“ შენობის რეაბილიტაცია და გაგრძელდება ანსამბლ „სუხიშვილების“ სარეპეტიციო სივრცეების რეაბილიტაცია. თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება დმანისისა და მესხეთის თეატრების რეაბილიტაცია.
„ამჟამად მიმდინარეობს და გაგრძელდება ქუთაისის ოპერის რეაბილიტაცია და ქუთაისი მიიღებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის თეატრს, რომელიც დიდ შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ ხელოვანებს, ასევე საერთაშორისო დონის დასებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2024 წელს 2,508.0 მლნ ლარს მიაღწია. მისივე თქმით, სამინისტრო გააგრძელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმას, რაც საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას გულისხმობს. ასევე, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი. ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება. გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
„2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარით და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
პროფესიულ განათლებაზე საუბრისას, მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. მისი თქმით, 2025 წლის ბოლომდე, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი. უმაღლეს განათლებაზე საუბრისას, გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს და გაგრძელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობა. გარდა ამისა, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განხორციელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება და მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. მინისტრობის კანდიდატმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ არსებობის 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის 95%-თვის აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გასული წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებას. მინისტრობის კანდიდატმა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები.
„2023 წლის იანვრიდან დღემდე 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესებულია რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად რეალიზაცია ფარმაცევტულ კომპანიებს აეკრძალათ. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად, ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის საშუალებით, ექიმებს, ექთნებს და სხვა სამედიცინო პერსონალს, 21 ათასზე მეტ ადამიანს, სისტემაში ხელფასი გაეზარდა. მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური ახალი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა.
„საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.