მაკა ჩიჩუა ეროვნულ კონფერენციას „მშობელთა ერთობა თანასწორობისთვის“ დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მშობელთა ეროვნული კონფერენციის „მშობელთა ერთობა თანასწორობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ძალიან მიხარია, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგია, რომ ასეთ აქტიურ დედებს ვხედავ ჩემს გვერდით იმ საქმეში, რასაც ამდენი ხანია ვაკეთებთ და, რისთვისაც ვიბრძვით, რომ ჩვენი სიმართლე, ჩვენი რეალობა დავანახოთ ადამიანებს, რომლებმაც, ძალიან ბევრმა, რეალურად არ იციან რა ხდება ჩვენი შვილების თავს. ამისათვის უნდა მივაწოდოთ ხმა ყველას, რისთვისაც ძალიან დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ
რიგით მეორე ეროვნული კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისთვის გაიმართა, რომლის მიზანი მშობელთა ძლიერი ქსელის ჩამოყალიბება, ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე მათი რეაგირება და გაძლიერებაა.
კონფერენცია წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რაც საშუალებას მისცემს მშობლებს გაერთიანდნენ მშობელთა ქსელში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სერვისებისა და პრაქტიკის შესახებ, შეიძინონ ადვოკატირებისთვის აუცილებელი უნარები და გაიმდიდრონ წარმოდგენები პოზიტიური მშობლობის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილე მშობლებსა და ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენცია გაიმართა ორგანიზაციების “მაკ ჯორჯია”, “გადავარჩინოთ ბავშვები” და ფონდის “ბილივი” თანაორგანიზებით.

Visited 157 times, 1 visit(s) today