მარიამ ჯაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ეწვია

07/09/2017

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სკოლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს შეხვდნენ.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დარგობრივი კურსების პარალელურად სახელმწიფო ენის სწავლებას ახორციელებს. შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამით სწავლება ხორციელდება როგორც სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი ლამბალო, ახმეტა და ლაგოდეხი), ასევე მობილურ ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას ცენტრებს გარეთ. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ქართული ენის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პროგრამა.
„ხშირად ვხვდები ქართული ენის მცოდნე ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და უსაზღვროდ მახარებს, რომ სწავლების შედეგები სახეზეა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0