მთაწმინდის პარკმა თაფლის მორიგ ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების 40-მდე მწარმოებელმა მიიღო. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული თაფლი, დასწრებოდნენ მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტის პრეზენტაციასა და დეგუსტაციას. ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ.
“სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის დარგობრივ განვითარებას, როგორც პროგრამული, ისე მარკეტინგული მიმართულებით. აღნიშნული ფესტივალიც დარგის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული თაფლი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ევროკავშირის ბაზარზე. ამასთან, მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ ქართული თაფლის ექსპორტის მიმართულებითაც“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
თაფლის ფესტივალი საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიის, მთაწმინდის პარკის, საერთაშორისო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ კავკასიის ალიანსების პროგრამა 2, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.