მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს

მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს საქართველოს – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მეთიუ ფოქსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კონკრეტულად, მისი ყველაზე რთული – რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის თვალსაზრისით
„აზიის განვითარების ბანკი სრულად ახორციელებს აღნიშნული მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და დიზაინს, ასევე, ბანკი დააფინანსებს ამ გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის მშენებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია თბილისი-ლარსის გზის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება“ – ნიკოლოზ გაგუა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი, რომელიც უკვე დასრულების სტადიაშია.
„აზიის განვითარების ბანკიც აღიარებს, რომ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო მათი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა“ – ნიკოლოზ გაგუა.

Visited 138 times, 1 visit(s) today