ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველო” -ს ინიცირებულ პროექტზე “საკრებულოს ეთიკის კოდექსი” საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშილმა იმუშავა და საკრებულოს ფრაქციების, კომისიების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგნელებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
“მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჩართულობა პროექტის ფორმირების პროცესში, რათა მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება საკრებულოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლისთვის და საზოგადების ინტერესებს უპასუხებს,” – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ შეხვედრის დასაწყისში.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის რეგიონული კოორდინატორი
ირინე ურუშაძის თქმით: “ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავება მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრთა
ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის.”
“ეთიკის კოდექსის მიზანია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით დაადგინოს საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების შესრულებისას ქცევის მომწესრიგებელი ნორმები, ხელი შეუწყოს საკრებულოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას და საკრებულოს წევრების მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, ” – აღნიშნა პროექტის ინიციატორმა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
მისივე განმარტებით მთავარია კონსესუსის გზით, ურთიერთ თანამშრომლობით, საკრებულოს თითოეული წევრის მიერ იქნას მხარდაჭერილი აღნიშნული დოკუმენტი.
დისკუსიაში ჩაერთნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგნელები. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საჯარო განხილვა და პროექტის ფორმირება საზოგადოების წევრების ჩართულობით არის კარგი პრეცედენტი. მათი მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები პასუხისმგებლობის ზომებსა და ქცევის წესებთან დაკავშირებით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკრებულოს ფრაქციების წევრებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ წინადადებებს შეიმუშავებს, რომლებიც საბოლოოდ ეთიკის კოდექსის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით პროექტში აისახება.
საკრებულოს ეთიკის კოდექსის შემუშავებას მხარს უჭერს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ადგილობრივი
თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID).