პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

17-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უძღვებოდა. მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებზე 110-ზე მეტი საკითხია განსახილველი. მათ შორის, მესამე მოსმენით განიხილება, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც მთელი რიგი სამართლებრივი, რედაქციული და ტექნიკური ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პირველი მოსმენით განიხილება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევებს, რა დროსაც წარმოიშობა საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. დგინდება საკუთრების ჩამორთმევის განხორციელების წესი, პროცედურები, რეგულირდება კომპენსაციის სახისა და ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის საკითხი. კანონმდებლებს რატიფიცირებისთვის საქართველოს პარლამენტის დადგენილების რამდენიმე პროექტი წარედგინებათ, მათ შორის: „საქართველოს მთავრობასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებები. მიმდინარე კვირას, დეპუტატები, 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა. მათ შორის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, რომლის თანახმად სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის განაკვეთი ემატება, რომელიც 15000 ლარით განისაზღვრება. „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით, დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისთვის სამართალდარღვევის სუბიექტების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ კოლეგებს, ნდობის ჯგუფის წევრებად, ეკა ბესელიას წარდგენის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ხოლო, არჩილ თალაკვაძის წარდგენის შესახებ, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების მიმართვა გააცნო. „საქართველოს მთავარი აუდიტორის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილების თაობაზე“ საკითხი გიგი წერეთელმა დააყენა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, რომელიც პარლამენტთანაა დაკავშირებული. საპარლამენტო უმცირესობის წინადადება ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიზიარა. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გამოძიების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა. ოპოზიციონერი კოლეგების ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, უპასუხა, რომელმაც ოპოზიციას, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესი შეახსენა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, არ უნდა მოვახდინოთ საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტაცია და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დადგეს, თუ დამატებითი კითხვები გაჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული საქმე განსაკუთრებული ინტერესის საგანია. „პარლამენტის ინტერესი უნდა იყოს განსაკუთრებული, პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის ინსტიტუციური კავშირიდან გამომდინარე. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას. ეს საკითხი შედის პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში და გამოჩნდება როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ბიუროს მომდევნო სხდომა ხვალ, 11.30 საათზე ხოლო, პლენარული სხდომა 12.00 საათზე გაიმართება.

Visited 111 times, 1 visit(s) today