პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს. ის გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა.
აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრი ექსპლუატაციაში ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა.
პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.

Visited 131 times, 1 visit(s) today