პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებისთვის მადლობა გადაუხადა

16/09/2019

საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური წინსვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ შონ ქერნქროსთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც თბილისში პირველი ვიზიტით იმყოფება. ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს წელს წარმატებით ასრულებს. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის მთავრობის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომელმაც კორპორაციის პირველი და მეორე კომპაქტით, ჯამში 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის პარტნიორად და უზრუნველყოფს კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0