რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის, ირაკლი ბერაიას და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს. კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების მარეგულირებელი კანონმდებლობა, იგი გახდეს თანმიმდევრული და განჭვრეტადი, ამ მოთხოვნათა დარღვევისთვის, დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვროს მის აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო და აღსრულების ეფექტური მექანიზმები.

„წარმოგიდგენთ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის სივრცის მოწყობის საკითხებს და იმ არსებული ხარვეზების მოგვარებას, რომელიც დღეს კანონმდებლობაშია და განსაკუთრებით, აღსრულების მექანიზმებში. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთან, საევე, სახალხო დამცველის ოფისთან და სახელისუფლებო უწყებებთან და ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი შევიმუშავეთ ერთობლივად“, – განაცხადა მომხსენებელმა, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

მომხსენებელმა განმარტა, რომ ცვლილების შედეგად, საქართველოს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსს“ დაემატება ახალი ნორმა, რომელიც დაადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით. კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით მითითებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30 დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებების მიზანია არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შესაძლებლობების არგათვალისწინება სამშენებლო პროცესის დროს და მსგავსი მოცემულობის არსებობისას, გაჩნდეს მისი გამოსწორების შესაძლებლობა. რაც შეეხება სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის 3 ივნისიდან, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. შესაბამისად, სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საქმეს აწარმოებენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები. მომხსენებელმა პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი გაჩეჩილაძის, კობა ლურსმანაშვილის, სულხან მახათაძის, გოგი მეშველიანის, ლევან კობერიძის და გიორგი ხატიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ს კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად განიხილეს.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, ზაზა ხუციშვილის განცხადებით, კანონის პროექტის მიღების მიზანია ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისთვის შესაფერისი უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფა ერთის მხრივ, ადამიანის და მეორეს მხრივ – ცხოველთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით. კანონპროექტი არეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს და აწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა სამართლებრივ სტატუსს, დააწესებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისათვის დასაშვებ სტანდარტებს, პატრონთა ვალდებულებებს შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ასევე, დარეგულირდება ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, მოკვდინების (ევთანაზია) და კომერციული მოშენება-გამოყენებისა და მათი რეალიზაციის პირობები. მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და პროექტთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, პირველი მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის გოგა გულორდავას განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი არის ერთობლივი ინიციატივა იმ ფორმატის ფარგლებში, რომელსაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დედაქალაქის მერიასთან ერთად ახორციელებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. სასამართლო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდება.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, თუ სარჩელს აღძრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, აუცილებელი გახდება მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც გარკვეულწილად ერთგვარი ფინანსური ტვირთი იქნება აღნიშნული სააგენტოსათვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან მათ არ აქვთ უფლება დააფუძნონ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ქონებასთან დაკავშირებულ დავებს აწარმოებენ თავად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოები, რომლებსაც არ უწევთ სასამართლოებისათვის მიმართვის დროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის განმარტებით, წარმოდგენილ კანონპროეტით ცვლილებები შედის, მოქმედი კანონის ცალკეულ მუხლებში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დასახული მიზნების უფრო სრულად განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მთაში უკუმიგრაციული პროცესების სტიმულირებას. კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, გასათვალისწინებელია ეს გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ფინანსურ ნაწილში საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და პროექტთან დაკავშირებით ოთხ სამინისტროს უარყოფითი დასკვნა აქვს წარმოდგენილი. ამასთან, მომზადებულია და დამუშავების პროცესშია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს და საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება. შესაბამისად, კომიტეტი თვლის, რომ მიზანშეწონილია აღნიშნულ კანონში ცვლილების განხორციელებაზე მსჯელობა მთის საბჭოს მიერ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შემდეგ დაიწყოს.

„ცვლილებათა პაკეტში ფორმულირებული იქნება მთელი რიგი აქცენტები. ამაზე მუშაობს მთავრობა, მუშაობს პარლამენტი და ჩვენ ამ ცვლილებებს განვახორციელებთ“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით მხარი არა დაუჭირა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდამ წინა წელთან შედარებით 4,7 % შეადგინა. წამყვანი როლი ეკონომიკის ზრდაში ეჭირა კერძო სექტორს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასულ წელს 19,5 პროცენტით გაიზარდა, ინფლაციის დონე კი 1, 5 %-ით განისაზღვრა.

„ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ეკონომიკის კუთხით გვაქვს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. იმპორტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აჭარბებს ექსპორტის მაჩვენებლებს. 2016 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა 13,1 პროცენტი, თუმცა, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად გვაქვს გარკვეული გაუმჯობესება. 2018 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 7,7 პროცენტი, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა და მომავალში ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტაბილურად გვქონდეს 5 პროცენტზე უფრო დაბალი ნიშნული და ეს მოგვცემს გაცილებით მეტ სტაბილურობას ქვეყნის ეკონომიკაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი იყო 10 მილიარდ 260 მილიონი ლარის ოდენობით, რაც დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით, 10 მილიარდ 500 მილიონი ლარის ოდენობით, 100,1 პროცენტით შესრულდა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-სთან მიმართებაში 0,79% შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელთან მიმართებაში გადაჭარბებით იქნა შესრულებული. „2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თვალსაზრისით. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებამ 100, 8% შეადგინა, რაც ასევე მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მან ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 100 პროცენტს აჭარბებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო- 97,7 პროცენტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო- 105 პროცენტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს“ კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

Visited 70 times, 1 visit(s) today