იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხი კომიტეტზე პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა, რომელმაც კოლეგებს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელიც თქვენ ცვლილებების შემუშავებისთვის გაწიეთ. ეს ნამდვილად ისტორიული ცვლილებებია, ეს არის ისტორიული შეთანხმება და ცვლილებებს მაქსიმალური გაფრთხილება სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნების“ გუნდი, პარლამენტის 92 წევრი, პლენარულ სხდომაზე სრულად დაუჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები სრული კონსენსუსით შემუშავდა და თქვენი როლი ამ ტექსტის შემუშავებაში, მისი საბოლოო დახვეწილი ფორმით ჩამოყალიბებაში არის უდიდესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამსწრე დეპუტატებმა – როგორც უმრავლესობის წევრებმა, ასევე „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა წარმოდგენილ ცვლილებებს სრულად დაუჭირეს მხარი. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარლამენტი მესამე მოსმენით რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. კომიტეტის სხდომაზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ, მეორე მოსმენით, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სიტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ.
„ეს ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს უკავშირდება, რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე. წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტმა სრულად დაუჭირა მხარი.