საპრეზიდენტო არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. რიგით მეთექვსმეტე სხდომას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მხრიდან მოისმინა ინფორმაცია არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით; აგრეთვე, მთავარი პროკურატურისა და შსს-ის მხრიდან – მეორე ტურის კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს 5 საქმეზე 10 პირის მიმართ. დანარჩენ შემთხვევებში ფაქტები ან არ დადასტურდა, ან პირთა ქმედებაში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები. რაც შეეხება პროკურატურას, უწყებაში გამოძიება 10 საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტებზე. რაც შეეხება ე.წ. ყალბი პირადობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, საგამოძიებო ქმედებები გრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე გაყალბებული დოკუმენტის არსებობის ფაქტი გამოვლენილი არ არის. გამოძიება საბოლოო შედეგებს უახლოეს პერიოდში ელოდება.
უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.
კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია თანამშრომლობს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან. კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 2 კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, 28 სექტემბრიდან − არანაკლებ კვირაში ერთხელ იკრიბება. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.
უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია აქტიურად მუშაობდა 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.