სასამართლომ პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ბრალდებული ექიმი დამნაშავედ სცნო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ექიმი ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2012 წლის 18 ივლისს ორსულმა ვ.მ.-მ ქ. ქუთაისში შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს“ მიმართა და ექიმ ი.მ-სთან აღრიცხვაზე დადგა. 2013 წლის 7 იანვარს მას ექიმ ი.მ-ს მიერ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ხოლო 2013 წლის 10 იანვარს სახლში გაეწერა. რამდენიმე დღეში ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მან ი.მ-ს მიმართა, რომელმაც არ მოახდინა პაციენტის მდგომარეობის სწორი შეფასება და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც ვ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და იგი 2013 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა.
ი.მ.-ს 2014 წლის 4 ივლისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და საქმე წარიმართა სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ი.მ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

Visited 110 times, 1 visit(s) today