საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება.
“პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის. ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა, საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით. ვფიქრობ, რომ დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, შეიძლება „დოქებში“ ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, რიყის ტერიტორია თბილისის ცენტრალური ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი არის და შესაბამისად, ეს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თბილისს საერთაშორისო რუკაზე ამ კუთხითაც მიმზიდველ ადგილად აქცევს. რაც შეეხება აუქციონზე გამოსატან ფასს – ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. „დოქების“ საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს.
ვიცე-პრემიერმა ბრიფინგზე ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოს პრივატიზების საკითხზეც ისაუბრა.
„ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს და შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევდეს, არის დაჩქარებული პრივატიზების პროცესი. შესაბამისად, გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხება, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აუქციონებზე და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის თბილისის ცენტრში, ყოფილი, ე.წ. „მიხაილოვის“ საავადმყოფო“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილ „მიხაილოვის“ სავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილ შენობა-ნაგებობებს ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის. აუქციონის საწყისი ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღსანიშნავია რომ ასევე მოხდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა და შენარჩუნება.