საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედის (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.
დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და დიპლომატები ესწრებოდნენ.