საქველმოქმედო მარათონი ,,ნუ მივატოვებთ ერთმანეთს,,

რიგით მერვე საქველმოქმედო მარათონს ,,ნუ მივატოვებთ ერთმანეთს,, ამჯერად ლატალმა უმასპინძლა. ღონისძიება ლატალის კულტურის სახლში გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ხაიშის, ლახამულას და ლატალის მოსწავლე ახალგაზრდები. მათ მიერ შესრულდა არა ერთი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი, წაიკითხეს ლექსები. მარათონის „ნუ მივატოვებთ ერთმანეთს“ მიზანია სოციალურად დაუცველი და ავადმყოფი მოსწავლეების დახმარება. საქველმოქმედო ღონისძიების სულის ჩამდგმელებმა, ლალი მარგიანმა და იზა ჩაკვეტაძემ კიდევ ერთი, სასიამოვნო ემოციებით დატვირთული საღამო აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიებაზე შემოსული თანხა 960 ლარი, სამ მოსწავლეზე თანაბრად გადანაწილდა. ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის ლატალის საჯარო სკოლის დირექციას, თემის რწმუნებულს, დეპუტატს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა ამ კეთილ საქმეში.

Visited 199 times, 1 visit(s) today