პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.
კომპლექსურ პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა:
კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს, განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ესენია გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგია. ეს არის კომპლექსური დოკუმენტები, რომლებიც ამ ორი ძირითად მიმართულებებში განსაზღვრავენ ჩვენს პრიორიტეტებს. პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა.
გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება:
ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის დაგეგმილია სისტემური რეფორმები.
გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება. რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და საკმაოდ ხარვეზიანია.
გაძლიერდება უკანონო ტყითსარგებლობაზე კონტროლის მექანიზმები:
განხორციელდება სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმა, რაც გულისხმობს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ტყის რესურსებით სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოხდეს ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად და შემცირდეს ტყეზე ზეწოლა ეფექტიანი ზედამხედველობის/კონტროლის სისტემის დანერგვით, ასევე განვითარდეს ალტერნატიული გათბობის საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.
დაგეგმილია წყლის რესურსების მდგრადი მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმა, რაც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას. რეფორმის მიზანია მდინარეთა აუზების საზღვრებში წყალმოსარგებლეებს შორის შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილება და ქვეყნის წყლის რესურსების მდგრადი ათვისება/გამოყენების ხელშეწყობა.
ამავე დროს, დაგეგმილია ევროპული გამოცდილების გაზიარებით თევზჭერის სექტორის ახლებურად დარეგულირება, რათა ქვეყანაში მოხდეს თევზის რესურსის მდგრადი გამოყენება, თევზმეურნეობებისა და აკვაკულტურის მიმართულების განვითარება.
გაფართოვდება დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელი:
დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ქსელის გაფართოება და დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ბუნების დაცვას და, მეორე მხრივ, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.
უახლოს მომავლში ადრეული გაფრთხილების სისტემა გაძლიერდება:
უმნიშვნელოვანესია სტიქიური მოვლენებით მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად ეფექტიანი ღონისძიებები გავატაროთ. ჩვენ ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილის სტიქიური უბედურების თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს.
მხარდაჭერა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: ფერმერთა კოოპერატივები, მცირე და საშუალო მეურნეობები, მსხვილი ინტენსიური საწარმოები:
სოფლის მეურნეობის განვითრების ხელშეწყობის მთავარ ამოცანას კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის განხორციელება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვა წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში რეფორმები ტარდება კომპლექსურად ყველა მიმართულებით.
დღეისათვის, მზარდია მოთხოვნა ხარისხიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ევროპასთან სიახლოვე, განვითარებული სატრანსპორტო კავშირები, აგროსასურსათო პროდუქციაზე ადგილობრივი და რეგიონული მოთხოვნის ზრდა, არსებული წარმოების შესაძლებლობები, საქართველოს მიმზიდველს ხდის აგრობიზნესის განვითარების თვალსაზრისით.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგებულია სათბურების რაოდენობა:
სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, ერთდროულად ემსახურება როგორც საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ასევე არასეზონური იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით.
ამ მიმართულებით აღსანიშნავია მიმდინარე სახელმწიფო პროექტი „იმერეთის აგროზონა“, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას. რის შედეგადაც: 2-3 წლის განმავლობაში წარმოება ჯამურად იმერეთის რეგიონში გაორმაგდება; გაიზრდება ყოველწლიური საექსპორტო შემოსავალი.
წლიდან წლამდე იზრდება მელიორირებული მიწების ფართობები:
სახელმწიფო პროგრამების განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მელიორირებული (წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული) მიწების ფართობები. ეტაპობრივად ხორციელდება მორწყვის თანამედროვე სისტემების დანერგვა. 2020 წლისათვის დაგეგმილია ჰიდრომელიორირებული ფართობების 15-20%-ით გაზრდა.
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერისთვის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ ხორციელდება:
პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ძირითად ამოცანას ახალგაზრდებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევის გზით, რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში დაფინანსდება 250 ახალგაზრდა მეწარმე, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 9.5 მლნ ლარს. 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დამტკიცდა 91 ბიზნეს გეგმა და გაფორმდა 18 ხელშეკრულება.
ლევან დავითაშვილი: „ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას“:
ლევან დავითაშვილის განცხადებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
სწორედ ამიტომ, „შეღავათიან აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.
„პროექტია ახალი კომპონენტი, პრაქტიკულად, ფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მზარდია
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, დადებითია ტენდენციები აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 777 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის და 52.2%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემებს. სამინისტროს პროგნოზით აღნიშნული ციფრი (777 მლნ აშშ დოლარი) მიმდინარე წლის ბოლოს მილიარდს მიაღწევს.
აგროსასურსათო სექტორში უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირების მიზნით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება ტარდება, მათ შორის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეისათვის, ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებული ყველა საწარმო, რომელიც გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს, ვალდებულია დანერგოს ISO-22000-ს ან HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტი.
სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, 2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო:
სახელმწოფოს მიერ შემუშავებულია ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის მარკეტინგული სტრატეგიული გეგმა, რომლის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის, როგორც კონკურენტუნარიანი კატეგორიის შექმნა, სამიზნე ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობა და, შედეგად, ექსპორტის ზრდას.
2017 წელს ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ღვინო. 2017 წელს, მსოფლიოს 54 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.
დაიწყო კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელება:
კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტის განხორციელების შედეგად, 18 მუნიციპალიტეტში 900 ჰექტარი ახალი კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენდება. კენკროვნების განვითარების კომპონენტის განხორციელებიდან მე-4 წელს ჯამურად იწარმოება 6 900 ტონამდე პროდუქცია, რომლის ღირებულებაც 28,480,000 ლარი იქნება.
ამავე დროს, მრავალწლოვანი ბაღების გაშენების ხელშეწყობისთვის გაგრძელდება სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, თანამედროვე ბაღები გაშენებულია 5,400-ზე მეტ ჰექტარზე.
დაწყებულია ფერმერთა რეესტრის შექმნის პროგრამის განხორციელება:
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის რაციონალური მართვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ბაზრის განვითარებისა და მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, დაწყებულია ღონისძიებები ფერმერთა რეესტრისა და მიწათსარგებლობის გეოინფორმაციული სისტემის შექმნის მიმართულებით.