სოფელ გურიანთაში ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი და არქეოლოგები. ამჟამად, ვაშნარის ნაქალაქარზე არქეოლოგიური კვლევა – ძიება არქეოლოგების, ვაჟა სადრაძისა და მერაბ ძნელაძის ხელმძღვანელობით, ადრე გამოვლენილ ობიექტებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ხდება მთლიანი პერიმეტრის გაწმენდა და ძირითადი აქცენტი კეთდება ბაზილიკის, მავზოლეუმისა და საგალავნო სისტემის შესწავლაზე.
პროექტი ხორციელდება გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით.
ვაშნარ – გურიანთის ტერიტორიაზე მიკვლეული ადრე შუასაუკუნეების ხანის (IV-VIII წწ.) ნაქალაქარი, მდებარეობს სოფელ გურიანთაში, მდინარეების ნატანებისა და სკურდუმის შესართავთან.
ტერიტორიის გათხრა – შესწავლაში გარკვეული წვლილი შეიტანეს დ.ბაქრაძემ, გ.გობეჯიშვილმა. ნ.ბერძენიშვილმა და სხვებმა. ნაქალაქარის მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი: ციტადელი, სამნავიანი ბაზილიკა და მარტირიუმის ნაშთები. შედარებით გვიან 1960-70- იან წლებში კი გაიწმინდა ნაქალაქარის ნაშთი. ისტორიკოს მკლევართა მიერ ძეგლი მიჩნეულია IV-VIII საუკუნეების მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსად. თავისი ციხე ქალაქით, წამებულის განსასვენებლით-მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით-სამნავიანი ბაზილიკით და სასიმაგრო სისტემით. მეცნიერთა ვარაუდით, კომპლექსი აიგო IV საუკუნეში და – VIII საუკუნის შუა წლებში შეწყვიტა არსებობა. სავარაუდოდ ციხე-ქალაქი დაინგრა მურვან ყრუს შემოსევების შედეგად.

Visited 268 times, 1 visit(s) today