სოფელ შემოქმედში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი – Bzhuzha Race გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, სპორტის ექსტრემალური სახეობის, კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი – Bzhuzha Race გაიხსნა, რომელშიც ცხრა ქვეყნის 60-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიებას დაესწრნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები გია ებრალიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტურისტები. მხარის რწმუნებული კაიაკინგის მონაწილეებს მიესალმა და თითოეულ მათგანს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

“ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მასშტაბებს იძენს. კაიაკინგი, მე-4 წელია ჩვენს რეგიონში, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში იმართება და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია. ჩემპიონატს, 2018 წლიდან EKEC-ის წევრი გახდა და ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მიენიჭა. კაიკინგის ჩემპიონატი, გარდა აღნიშნული ექსტრემალური სპორტის განვითარებისა, მიზნად გურიაში ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ახალგაზრდა სპორტსმენთა წახალისებას ისახავს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტსმენებს მონაწილეობისთვის და ვუსურვო წარმატებები”- ზურაბ ნასარაია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “გურია,” ანსამბლი “აისი,” მომღერალი თამუნა მეგრელაძე და დიჯეი – პაკო ქავჟარაძე.
ჩემპიონატი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით იმართება.

Visited 168 times, 1 visit(s) today