სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღიარა. საუკეთესო სპორტსმენი ასოციაციის წევრმა სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს. მეორე ადგილზე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს ხვდა წილად.
2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ასოციაციის ვერსიით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. საუკეთესო მწვრთნელად ჟურნალისტებმა ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე დაასახელეს. წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაში ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო ფედერაციად ფეხბურთის ფედერაცია დასახელდა.
ასოციაციის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა. ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელიც ჭიდაობის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ნომინაციებში გამარჯვებულები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა დააჯილდოეს.

Visited 180 times, 1 visit(s) today