საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა კონგრესის პრეზიდენტს ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ესპანეთის სამეფოს დეპუტატთა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ამ საკითხზე მიღებულ რეზოლუციას. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეაფასეს 2022 წლის ივლისში ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში. მხარეები მიესალმნენ გასული 30 წლის განმავლობაში თანამშრომლობის მზარდ დინამიკას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას, შავი ზღვის რეგიონის და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებს. შალვა პაპუაშვილმა ესპანელ კოლეგას გააცნო საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი. მარიჩელ ბატეტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.