შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.
გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

Visited 130 times, 1 visit(s) today