სახალხო დღესასწაული „ჩუდურაულობა“ სოფელ მეკეიძეების მოიალაღეებმა და სტუმრებმა, წელს უკვე მეთვრამეტედ იზეიმეს. მდინარე ჩუდურაულის წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენასთან ზეიმზე დასასწრებად მრავალი ადგილობრივი და ამოსული სტუმარი შეიკრიბა. შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
ჩატარდა კონცერტი, სადაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. პარალელურად მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები ფრენბურთსა და მარათონში, გაიმართა დოღი.
გამარჯვებულებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ზეიმის შემდეგ მოიალაღეებმა სტუმრებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.