„ჩვენ გვექნება, კიდევ ერთი რაუნდი დისკუსიისა „ევროპულ საქართველოსთან”, რომელიც იყო ჩვენთან ერთად წარმოდგენილი დროებით საგამოძიებო კომისიაში და იმედი მაქვს, რომ პოზიციების შეჯერება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოხერხდება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ პოზიციების შეჯერება არ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობის პოზიცია შესაბამის დოკუმენტში აისახება და ეს დოკუმენტი პლენარულ სესიაზე იქნება წარდგენილი.
„თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში იქნება ასახული და ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი, რა თქმა უნდა, პლენარულ სესიაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
„რამდენიმე თვის განმავლობში წარიმართებოდა ეს სამუშაო და თითოეული დეპუტატი, რომელიც კომისიაში იყო წარმოდგენილი, აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.