ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გეზი ჩვენი ისტორიული არჩევანია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და NATO – საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ, საერთო ღირებულებებისა და მშვიდობისათვის ბრძოლის ყველაზე სანდო და საიმედო მოკავშირედ დასავლური სამყაროსათვის. მნიშვნელოვანია, საქართველო – ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რაც მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომლის გაცხადებული მიზანიც NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაა.
“ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გეზი ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობა ცდილობდა, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო. ჩვენ, ამ საერთო ევროპული სივრცის ბუნებრივი ნაწილი ვართ“, – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ყოველთვის იყო ზოგადად, NATO-ს გაფართოებისა და კონკრეტულად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მამოძრავებელი და გამწევი ძალა.
„ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ, ვარშავის სამიტიც არ იქნება გამონაკლისი. ვისურვებდი, რომ აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ; ეს კი ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობით უფრო ხელშესახები და ეფექტური იქნება“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Visited 181 times, 1 visit(s) today