ჩვენ გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა

ჩვენ გვინდა, გვქონდეს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას ემსახურება, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება და რა თქმა უნდა, ტვირთნაკადს საქართველოს კორიდორში უფრო გაზრდის, ასევე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი დამატებითი ღირებულება შევქმნათ და ლოგისტიკური ოპერაციები ვაწარმოოთ – ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დღეს საქართველოს მთავრობამ თანხმობა მისცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“, გამოაცხადონ ინტერესთა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების თაობაზე. კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს – პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა და პროექტის განხორციელების და განხორციელების შემდგომი შეფასება.

“ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია და შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში პროექტის განსახორციელებლად დავაჩქაროთ პროცესი და პირდაპირ კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დავიწყოთ. ჩვენ გვჭირდება, რომ შერჩევის პირობები იყოს მაღალ დონეზე მომზადებული და აქედან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სამინისტროს მიეცეს საშუალება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი ან ჯგუფები დავიქირაოთ ამ პროცესში მონაწილეობისთვის,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, უკვე ჩატარებულია მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა კომპანიამ MTBS – მა განახორციელა. მათ, მსოფლიოში მიმდინარე ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, განაახლეს მანამდე არსებული კვლევები, ასევე მოამზადეს საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და რეკომენდაციები.

Visited 42 times, 1 visit(s) today